რა სირთულეებს აწყდებიან კომპანიის ხელმძღვანელები?!
ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ფარგლებში მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი საკანონმდებლო აქტების გამოცემა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული გამოწვევაა ბიზნესისთვის, რადგან, არასაკმარისი კვალიფიციური კადრების გამო, კომპანიების ხელმძღვანელებს უჭირთ ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება შრომის უსაფრთხოების სისტემის მშენებლობის მიმართულებით. შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებისას ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტიანობა, რადგან ბიზნესისთვის ეს ისედაც გაუთვალისწინებელ და გაზრდილ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სისტემის ჩამოყალიბებისას ყველა ეტაპს თავისი თანმიმდევრობა აქვს, რომ არ განხორციელდეს განმეორებითი ან ფუჭი ხარჯები.
კომპანიების ხელმძღვანელები ხშირად გვეკითხებიან, როგორ მიიღწევა, უმოკლეს დროში, ეკონომიკური და ეფექტური სისტემის დანერგვა ისე, რომ შესრულდეს ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა და, ამავდროულად, დაცული იყოს დასაქმებულები და სხვა პირებიც უბედური შემთხვევებისგან და პროფესიული დაავადებებისგან.
მოგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოების სისტემა კომპლექსურია და მისი მშენებლობისთვის იკვეთება რამდენიმე ეტაპი: პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს სისტემის დოკუმენტირება, რასაც წინ უძღვის კომპანიის სპეციფიკის შესწავლა. შემდეგ ეტაპად ხორციელდება დოკუმენტირებული სისტემის დანერგვა. ამ დროს უმთავრესი არის პოლიტიკის განსაზღვრა და შემდეგ ყველა დასაქმებულის, დასაქმებულთა წარმომადგენლის და სხვა პირების ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება. დოკუმენტირება უნდა განხორციელდეს კომპანიის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებული ყველა საკანონმდებლო მოთხოვნით. პროფესიული საქმიანობის მიმართულებით უნდა გაიწეროს შრომის უსაფრთხოების დაცვის ყველა პროცედურა, რომლებიც სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებული რისკების მართვას ეხება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს საფრთხეების იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებას და საკონტროლო პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას. ეს, ერთის მხრივ, ძალიან მარტივად წარმოთქმული რისკების მართვის პროცესი, საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს იმისათვის ,რომ დავიცვათ ადამიანები და ბიზნესი ზიანისგან.
როდესაც რამე აგვტკივდება, ექიმს მივმართავთ და სხვისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით არ ვმკურნალობთ. მაგრამ ,როდესაც კომპანიის იმ სისტემის ჩამოყალიბებაზეა საუბარი, რომელიც უბედური შემთხვევებისგან და პროფესიული დაავადებებისგან იცავს ათეულობით თუ ასობით ადამიანს, მაშინ ხშირია პრაქტიკაში გადაწერილი სახელმძღვანელო დოკუმენტაციების გადმოწერა, რომელიც ვერ იმუშავებს და, პირიქით, ზიანის შემცველია. თითოეული კომპანიის მმართველი რგოლის ჩართულობითა და სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს აღნიშნული სისტემის დოკუმენტირება, კომპანიის სამუშაო სპეციფიკაზე მორგება, რასაც კვალიფიციური კადრი სჭირდება, რომელსაც აქვს გამოცდილება და გააზრებული აქვს სისტემის ფუნდამენტური ელემენტების მუშაობის არსი.
უსაფრთხოების დაცვა თითოეული დასაქმებულის ვალდებულებაა. ამ საკითხის გააზრებისთვის უმნიშვნელოვანესია ტრენინგების ციკლი, რომლითაც ხორციელდება დოკუმენტირებული სისტემის იმპლემენტაციის პროცესი. კომპანია იწყებს ახალი პროცესებისა და პროცედურების დანერგვას, რაც მანამდე არ არსებობდა. ეს კი დასაქმებულებში თავისთავად იწვევს სიახლის შიშს, წინააღმდეგობის რეაქციას და მიუღებლობას მანამდე, სანამ არ გავითავისებთ და ავითვისებთ. აღნიშნული ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია, ახალი სისტემის ელემენტების სწავლებისას, იმ კავლიფიციურ ტრენერთა თანადგომა და ჩართულობა, ვისაც აქვს გამოცდილება და მთელი სერიოზულობით განსაზღვრავს აღნიშნული სისტემის ელემენტების მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენის საქმეში.
ტრენინგები არის ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპი შრომის უსაფრთხოების სიტემის დანერგვის ეტაპზე, ვინაიდან ის მენეჯერებს და ყველა დასაქმებულს საშუალებას აძლევს შეისწავლონ, გაიაზრონ და შეიძინონ ის საჭირო უნარები რომელიც დაეხმარებათ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად, შესწავლილი უნარების მიზანმიმართული გამოყენებით ჩამოიყალიბონ ჩვევები, ხოლო მუდმივი ჩვევები გახადონ სამუშაო გარემოს ინტეგრირებულ ნაწილად, როგორც სამუშაოს უსაფრხოდ წარმოების კულტურა.
საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, სერტიფიცირების შემდეგ, ხვდება ორგანიზაციაში, სადაც არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული და არც მოთხოვნებია შესაბამისად დოკუმენტირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამით არ ისწავლება არც, ინსპექტირებების წარმოება, არც აუდიტის განხორციელება, არც სისტემის დოკუმენტირების პროცესი და არც თავად დოკუმენტაციის მნიშვნელობა თუ მომზადების ეტაპები. თუმცა, ეს არის ღერძი მთელი სისტემის და სწორედ ამიტმო არის დამატებით შეტანილი ჩვენს აკრედიტებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამის სწავლების პროცესში.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის არ იქნება რთული იმ ორგანიზაციაში მუშაობა, სადაც სისტემა დანერგილია და გამართული, სადაც ყველაფერი დოკუმენტირებული და იმპლემენტირებულია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ პროცესის კვალიფიციურად წარმართვა სხვა ტიპის გამოცდილებასა თუ უნარ-ჩვევებთანაა დაკავშირებული და ბევრს არ ხელეწიფება. ამიტომ, არაეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისას, დამსაქმებელი იღებს არასასურველ შედეგს, გარკვეული დროის შემდეგ, და როცა გაიაზრებს, ან ყველაზე ცუდი, დადგება უბედური შემთხვევა, ყველაფერი იწყება თავიდან. კვლავ დგება არასაკმარისი კვალიფიციური კადრის საკითხი. საზღვარგარეთ, როდესაც პირი იღებს სერთიფიკატს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და იწყებს მუშაობას ორგანიზაციაში, მას ხვდება გამართული სისტემა, რაც საკმაოდ აიოლებს ჩართულობას. ქართული რეალობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, როდესაც შრომის უსაფრთხოების კულტურის ნიშნებიც კი არ გვაქვს, კრიტიკული ფუნქცია აკისრია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს. ეს პროფესია არის დაკავშირებული დასაქმებულების და სხვა პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი სასწავლო კურსები მაქსიმალურად მორგებულია მსმენელზე, რომ მუშაობის დაწყებიდანვე სწრაფად ჩაერთონ შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში და გახდნენ ეფექტურები დასაქმებულების და სხვა პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაში.
დავით მაზმიშვილი
Comments